ჩვენს შესახებ

მარანი „ბუნებური" დაარსებულია 2016 წელს — ბუნებრივი ქართული ღვინო გარე კახეთის ზეგნიდან.

2016
დაარსების წელი
540
ზღვის დონიდან
6ჰა
ვენახის ფართობი
5–6
ტ / ჰექტარი
📍

„ბუნებურის" მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, გარე კახეთის (ივრის) ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ზღვის დონიდან 540 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 65 კმ. ხოლო საგარეჯოდან 25 კმ. დაშორებით.

🌿

მარანი ამუშავებს 4.5 ჰექტარ საფერავის და 1.5 ჰექტარ თეთრი ჯიშის ყურძნის ვენახებს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. საღვინედ შეირჩევა მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის ყურძენი.

7 უნიკალური ქართული ჯიში

საფერავი — ლეგენდარული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძნის ექსტრაქტულობა ღვინოს მუქ, გაჯერებულ ფერს, სხეულიანობასა და მდიდარ ტანინებს სძენს, რაც იდეალურია ხანგრძლივი დაძველებისთვის. „ბუნებური“ საფერავის მოსავალს საკუთარი, 4.5 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან იღებს.

რქაწითელი — ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გამოიყენება როგორც ევროპული სტილის თეთრი ღვინისთვის, ასევე ტრადიციული ქვევრის ღვინისთვის. ხასიათდება გამოხატული მჟავიანობით, ციტრუსისა და ბალახის ნოტებით.

მწვანე კახური — კახეთის ენდემური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი გამოირჩევა ღია მომწვანო-მოყვითალო მარცვლებით. მისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება მაღალი არომატულობით, ნაზი ყვავილოვანი ტონებითა და ცოცხალი მჟავიანობით. ჯიშის განსაკუთრებული ხასიათი თანაბრად შთამბეჭდავია როგორც სუფთა სახით, ისე სხვა თეთრყურძნიან ჯიშებთან კუპაჟში.

ქისი — კახეთის უძველესი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელმაც ბოლო წლებში ნამდვილი რენესანსი განიცადა და ხელახალი აღიარება მოიპოვა. მისგან, განსაკუთრებით ქვევრში, უნიკალური ქარვისფერი ღვინო იქმნება. იგი ხასიათდება გაჯერებული ოქროსფერი შეფერილობით, ხმელი ჩაის, ზაფრანისა და ხმელი ხილის კომპლექსური არომატებით.

ხიხვი — კახეთის უძველესი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ვენახში იგი საკმაოდ სათუთი და პრეტენზიული მოსავლელია, თუმცა სანაცვლოდ განსაკუთრებული ხარისხისა და ექსტრაქტის მოსავალს იძლევა. ხიხვის ღვინო ხასიათდება კეთილშობილი ოქროსფერი შეფერილობით, ცოცხალი ციტრუსის, მინდვრის ბალახებისა და ნატიფი სანელებლების კომპლექსური ნოტებით.

გრძელმტევანა — იშვიათი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლის დასახელებაც მის მთავარ ამპელოგრაფიულ ნიშანს — უჩვეულოდ გრძელ, მოყვანილ მტევნებს უკავშირდება. ჯიში გამოირჩევა ადრეული სიმწიფითა და ნატიფი, ცოცხალი ხასიათით. ვინაიდან იგი დღეს მევენახეობაში ნაკლებადაა გავრცელებული, „ბუნებური“ მას განსაკუთრებული მზრუნველობით აშენებს — ჩვენი ქვეყნის უნიკალური ჯიშობრივი მრავალფეროვნებისა და გენოფონდის შენარჩუნების მიზნით.

მცვივანი — უძველესი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სახელი პირდაპირ ასახავს ვაზის სპეციფიკურ ამპელოგრაფიულ ხასიათს — მწიფე ყურძნის მარცვლების ცვენადობას. მცვივანისგან დაყენებული ღვინო გამოირეცევა ნაზი სტრუქტურით, სასიამოვნო სისრულითა და ხილის ნოტების ელეგანტური გემოთი. „ბუნებური“ ამ უიშვიათეს ჯიშს საკუთარ ვენახებში სათუთად უვლის და მისგან ექსკლუზიურ, კოლექციურ ღვინოს ქმნის.

მარანში ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. ღვინო ბოთლებში ისხმება გაუფილტრავად.

ბუნებრივი, გაუფილტრავი, ხელნაკეთი ქართული ღვინო.

🍷 მაღაზია

სად ვართ

სოფელი ბადიაური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კახეთი